Babajana

წყარო: tabula.ge, 11 ივლ 2018, ნახვები: 3017, კომენტარი: 1
HEY! VOVA LEAVE MY GRANDMA ALONE!
photo © tabula.ge  
ბებიაჩემმა გამომიცხადა, ამერიკელები მთვარეზე არ ყოფილან და ყველაფერი დადგმულიაო. ცივი კომპოტის მოწოდების შემდეგ კი აღშფოთებულმა მამცნო, მაჩაბლის ქუჩისთვის ირანის ქუჩა დაურქმევიათო.
არ ვიცი ეს ამბავი როდის დაიწყო. საკაბელო ტელევიზიასთან თუ სოციალურ ქსელებთან მის ინტეგრირებისთან ერთად, მაგრამ მას შემდეგ ბევრი რამ გავიგე. მაგალითად:
ამერიკელები საქართველოში ბიოლოგიურ იარაღს ამზადებენ;
ფაშისტ უკრაინელ ჟიდო-მასონებს რუსის ბავშვი ჯვარზე გაუკრავთ;
ვიღაც იტალიელმა ალიგატორი გააუპატიურა;
თურქეთის ახალ რუკაზე აჭარა მათ საზღვრებში შესულა;
საქართველოს მოსახლეობის 53%-ს საქართველოში რუსული პროპაგანდის არსებობის სჯერა. მათ შორის, ბებიაჩემსაც. მიუხედავად ამისა, ადამიანები მიდრეკილნი არიან წვრილფეხა შეთქმულებების და დეზინფორმაციების რწმენისკენ. რატომ სჯერათ ადამიანებს შეთქმულებების? კენტის უნივერსიტეტის პროფესორის, კარენ დუგლასის კვლევის (The Psychology of Conspiracy Theories, Current Directions in Psychological Science, 2017) მიხედვით ამას რამდენიმე მიზეზი განაპირობებს:
ახსნის სურვილი - "მინდა ამოვხსნა მარტივად" (სამყაროს სინამდვილეში მართავს ბოროტი ჯორჯ სოროსი);
საკუთარი თავის დაცვის სურვილი - "თავი მინდა დავიცვა გლობალური შეთქმულებისგან" (ამერიკამ საქართველოში ლაბორატორია შექმნა, სადაც ცდებს ატარებს ჩვენზე. ამიტომ, ჩემს შვილებს ვაქცინაციას არ ჩავუტარებ);
პრივილეგირებულობის სურვილი - "მე ვიცი, ის რაც სხვამ არ იცის” (კიბოს წამლისთვის ვინმე ბოლნისელ მთვარისას მიუგნია, რომელიც კანაფის ზეთით და გოგირდით კურნავს ონკოლოგიურ პაციენტებს. დასავლური ფარმაცევტული კომპანიები მხოლოდ საკუთარ მოგებაზე ზრუნავენ და ხალხს კიბოს მკურნალობის საშუალებებს უმალავენ). შეთქმულებების თეორიების ზემოქმედების ქვეშ მეტწილად ექცევიან ადამიანები, რომელთაც გამძაფრებული დაუცველობის შეგრძნება აქვთ. ამ დაუცველობის შეგრძნებას კრემლის საინფორმაციო ომი წარმატებულად იყენებს. რუსული პროპაგანდა შიშების და სიძულვილის გაღვივებაზე კონცენტრირდება. პუტინი ათასობით ასეთ წვრილფეხა ტყუილზეა აგებული, რომელსაც სამიზნე ჯგუფები იჯერებენ. ვინ დაიჯერა, რომ გამორჩეულად ქსენოფობიური განწყობების ქვეყანაში ვანო მაჩაბლის ქუჩას ირანის ქუჩად გადააკეთებენ? - იმან, ვინც ირანის მიმართ მისი სიძულვილის ან/და შიშის გასამართლებლად კიდევ ერთი აგური დადო. ასეთებს ძველები ფინთი გოიმივით აგდებას ეძახდნენ. არ მგონია, ვინმეს თავი მაჩაბლის "ჰამლეტის" და "მაკბეთის" თარგმანების გამო გამოედო.
დღეს უკვე დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ 2014 წელს, უკრაინის თავზე სამგზავრო თვითმფრინავის ჩამოგდებაზე პასუხისმგებელი რუსეთია. თუმცა, კრემლი ათასგვარ ალტერნატიულ ვერსიას ავრცელებს: თვითმფრინავის ჩამოგდება ბრალდება ილუმინატების ორდენს; NATO-ს რომელსაც პუტინის თვითმფრინავის ჩამოგდება უნდოდა, მაგრამ შემთხვევით სამგზავრო თვითმფრინავს ესროლა; ისრაელს, რომელსაც ღაზას სექტორიდან ყურადღების გადატანა სურდა; აივ ინფექციის მკვლევარების დახოცვის სურვილს, რომელიც ბორტზე იმყოფებოდნენ და ა.შ. კრემლისთვის მნიშვნელობა არ აქვს, ამ ვრცელი ჩამონათვალიდან რომელს ირწმუნებთ. მისი მიზანი არცაა თავისივე სისწორეში დაგარწმუნოთ, პირიქით, "ალტერნატიული სიმართლეების" დაუსრულებელი სიის მოწოდებით, თესავს ეჭვებსა და უნდობლობას. ქმნის სიმულაციას, სადაც თანაბარი შესაძლებლობა არსებობს იმისა, რომ თვითმფრინავი ჩამოეგდოთ რუსებს ან ილუმინატების ორდენს.
პოსტსაბჭოთა სივრცეში დეზინფორმაციის და შეთქმულების თეორიების გავრცელებისთვის ნოყიერი ნიადაგია. რუსეთი აქ ეთნიკურ, რასობრივ, რელიგიურ, იდეოლოგიურ ნიადაგზე ქმნის დესტაბილიზაციას. ქართველ ერში ჩაკირული შიშები და სიძულვილები მას კარგად აქვს შესწავლილი და შესაბამისად მათი გაღვივებაც კარგად გამოსდის. სამწუხაროდ, ამ პროცესების ანალიზი ნაკლებად ხდება სოციალური ფსიქოლოგიის ჭრილში და ის უფრო მეტად პოლიტიკის და უსაფრთხოების თეორიების ფარგლებშია განხილული. დასავლეთის გამოცდილებამ აჩვენა, რომ დეზინფორმაციისთან ბრძოლისთვის მასთან გადამოწმებული ინფორმაციით, ფაქტებითა და სამეცნიერო არგუმენტენტებით დაპირისპირება ყოველთვის წარმატებით არ მუშაობს. ხშირად, იმ სამიზნე აუდიტორიამდე მიღწევაც კი ვერ ხერხდება, რომელზეც კრემლის პროპაგანდის მანქანა მუშაობს. სამაგიეროდ, საქართველოში ბოლო თვეების პროცესებმა აღმოგვაჩენინა, რომ ამ დეზინფორმაციების, შეთქმულების თეორიების სასაცილოდ აგდებასა და დაცინვას უფრო მაღალი ეფექტურობა ახასიათებს. მაგალითად, "ქართული მარშის" სოციალურ ქსელებში დაცინვამ ფართო საზოგადოებაზე უფრო იმუშავა, ვიდრე სერიოზული სახით განხილვამ, თუ რატომ არიან ისინი მავნებლები. პროპაგანდის შეკავების ხერხებზე ბევრი მსჯელობა შეიძლება. მანამდე, მთავარია სახელმწიფომ აღიაროს, რომ ის ჰიბრიდული ომის პირობებში იმყოფება. ხელისუფლება დღემდე, ეროვნული უსაფრთხოების შესახებ დოკუმენტებში არ საუბრობს ამ საფრთხეებზე და შესაბამისად არც სტრატეგიას აყალიბებს როგორ უნდა დაიცვან მოქალაქეებმა მისგან თავი. მანამდე, სხვა ხნიერებთან თუ ახალგაზრდებთან ერთად, ბებიაჩემიც a priori დაუცველია.
  • რეგისტრაცია: 10.10.2010
  • სტატუსი:  offline
^
amazrzenebi xart tqveni amerikul-evropuli propagandit dzaan iafasianebi rogorc tviton iqauroba da iqit kido RUSETIS jish-jilagica raaa
დახრილი ტექსტი | გავასწოროთ მარცხნივ გავასწოროთ ცენტრში გავასწოროთ მარჯვნივ | სიცილაკის ჩაყენება ბმულის ჩასმა დამცავი კოდის ჩაყენება ფერის არჩევა | დაფარული ტექსტი ციტატის ჩასმა
ქართული კლავიატურა
 

Zurab Kvantrishvili REALTOR

ზურაბ კვანტრიშვილი

უძრავი ქონების აგენტი

267 912 7987, 215 885 8100


Vaja Ioramashvili Jiu Jitsu

Brazilian Jiu-Jitsu MMA

ბრაზილიური JIU-JITSU, ჭიდაობა

215 460 2141


irine javaxaZe - Berkshire Hathaway

ირინე ჯავახაძე - Berkshire Hathaway

უძრავი ქონების ყიდვა/გაყიდვა

 

215 519 5678


Karate Club

კარატის კლუბი ფილადელფიაში

 

267 333 3915, 215 617 0207


basketball

კალათბურთის აკადემია

"Dream Catchers" აცხადებს 6-დან 14 წლამდე გოგონების და ბიჭების მიღებას.

10100 Jamison Ave, Philadelphia, PA 19116

267 938 2777


Nias Home Made Cakes
რეკლამა       Since March 26 2005